ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.650.00%
EUR2.87+0.01%

რატომ არ გაძვირდა ლარი?

27 ნოემბერი, 2022

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა. რატომ და როგორ აისახება ეს იმ მსესხებლებზე, რომელთა კრედიტებიც ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული?
როგორი იქნება ეროვნული ბანკის ვერდიქტი? ეს შეკითხვა ღვინობისთვის მეორე დეკადის მიწურულს დავსვი და ვივარაუდე, რომ კობა გვენეტაძის უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებდა. ჩემეული პროგნოზი ფინჯან ყავაზე მკითხაობას რომ არ დამსგავსებოდა, არგუმენტებიც მოვიყვანე.
აღვნიშნე, რომ აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში წლიური ინფლაციის თუნდაც მცირედით, 0,6 პროცენტით, მაგრამ ზრდის ვითარებაში, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელი არ იყო. მახსოვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებაც მოვიშველიე. კობა გვენეტაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ინფლაცია ზრდის ტემპს ინარჩუნებს და ინფლაციური წნეხის მატების რისკებიც მაღალია, მონეტარული პოლიტიკის შერბილების იმედი არ უნდა გვქონოდა. მეტიც, ქვეყნის მთავარმა ბანკირმა თქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ იგეგმება. რაც შეეხება გამკაცრებას, განვმარტე, რომ რაკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, მართალია, ინფლაციის პროცესის მოთოკვას ხელს შეუწყობს, იმავდროულად უკვე გაცემულ სესხებსა და საკრედიტო რესურსს გააძვირებს. ეს კი განსაკუთრებით ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნას შეამცირებს, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკურ აქტივობაზეც უარყოფითად აისახება. ამიტომ ვივარაუდე, რომ როდესაც მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტემპის შენარჩუნებაა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, ეროვნულ ბანკს ის გადაწყვეტილება მიეღო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებდა.

სიტყვა გამიგრძელდა, დროა წინამდებარე სტატიის მთავარ საკითხზე მოგახსენოთ. ჩემი პროგნოზი გამართლდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. სულ ცოტა, მიმდინარე წლის 21 დეკემრამდე, ანუ მონეტარული პოლიტიკის კიმიტეტის მორიგ სხდომამდე ის 11 პროცენტი იქნება.
საინტერესოა, როგორ განმარტეს მიღებული გადაწყვეტილება კობა გვენეტაძის უწყებაში. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციური წნეხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც მაღალია. მართალია, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზეა. ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, პროდუქტების ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, უკვე ზედიზედ ექვსი თვეა ის იკლებს. მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე ეს გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარზეც აისახება, რაც ინფლაციას შეამცირებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ინფლაციური პროცესის შესაძლო განვითარებასთან მიმართებაში გაურკვევლობა კვლავაც მაღალია.
რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტისა და თანმდევი სანქციების შედეგად ქვეყანაში მიგრაციული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ეკონომიკური ზრდის ტემპზე დადებითად აისახა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,3 პროცენტი შეადგინა. 10 პროცენტამდე გაიზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად კი გაზრდილი მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა.

აღნიშნული რისკის საპასუხოდ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ზემოქმედების შედეგად, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საკრედიტო აქტივობამ შენელება დაიწყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. მცირდება ფისკალური დეფიციტიც. ამ ფაქტორების ერთობლიობა გაზრდილი მოთხოვნიდან მომავალ ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა შემცირებას გააგრძელებს და მომდევნო წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და სამომავლოდ მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება.
ასე რომ, დღესვე შეგვიძლია ვივარაუდოთ: მომავალ წელს საქართველო რეფინანსირების განაკვეთის არსებული ნიშნულით, 11 პროცენტით შეხვდება. ჩემს ამ პროგნოზს კიდევ ერთი გამოცდა 21 დეკემბერს ელოდება. მანამდე კი გავარკვიოთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რა შეიცვალა იმ მსესხებლებისთვის, რომელთა კრედიტებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთი 184.000 სესხია გაცემული. აქვე მივანიშნებ, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 190.000 იყო. საგულისხმოა, რომ, მართალია, ბოლო ერთ თვეში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა, მთლიანი პორტფელის მოცულობა 9.289 მილიონი ლარიდან 9.607 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მთავარი გზავნილი − ყველა მსესხებელს, რომლის კრედიტიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხის საპროცენტო განაკვეთი არ ეცვლება. ახლა კი საკრედიტო პორტფელის სტრუქტურას გადავხედოთ.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 81.900 ხელშეკრულებით სამომხმარებლო ტიპის კრედიტია გაცემული. 1.516 მილიონი ლარი კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 21,08 პროცენტში გაასესხეს. 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში სამომხმარებლო სესხების რაოდენობა არ შეცვლილა. თანხის მოცულობა 72 ათასი ლარით გაიზარდა. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ამ ტიპის სესხებზე 0,75 პროცენტით არის გაზრდილი.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, იპოთეკურ კრედიტებს უკავია. ამ ტიპის 71.900 სესხია გაცემული. 3.214 მილიონი მილიონი ლარი საბანკო სექტორმა საშუალოდ 13,63 პროცენტში გასცა. საანგარიშო პერიოდში, 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე იპოთეკური სესხების რაოდენობა 500 ერთეულით, ხოლო თანხის მოცულობა 80 ათასი ლარით გაიზარდა. საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ერთ თვეში 1,36 პროცენტით მოიმატა.

ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულში მოხვდა ბიზნეს-სესხების კატეგორია. ამ ტიპის 30.000 სესხია გაცემული. ეს 1 სექტემბერთან შედარებით 4.100 ერთეულით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4.830 მილიონი ლარია, რაც იმავე 1 სექტემბრის მაჩვენებელზე 61 ათასი ლარით ნაკლებია. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1.662 მილიონი ლარი საშუალოდ 11,74 პროცენტში გასცეს, ხოლო მსხვილი ბიზნესი 3.168 მილიონი ლარით საშუალო შეწონილ 14,60 პროცენტში დააკრედიტეს. საანგარიშო პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება 391 ათასი ლარით, ხოლო მსხვილი ბიზნესის დაკრედიტება 451,5 ათასი ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების ცვლილების დინამიკას, თუ მცირე და საშუალო ბინესზე გაცემულ კრედიტებზე ამავე პერიოდში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3,9 პროცენტით გაიზარდა, მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებისას ის 0,19 პროცენტით შემცირდა. აშკარად თვალში საცემია, რომ საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნა რაოდენობრივად შემცირდა.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ტრადიციულად ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია ხოლმე გაცემული. გამონაკლისი არც 1 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული მონაცემები იყო. კომერციულმა ბანკებმა 800 ხელშეკრულებით 20,5 მილიონი ლარი საშუალოდ 23,78 პროცენტში გასცეს. 1 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ხელშეკრულების რაოდენობა უცვლელია, ხოლო თანხის მოცულობა 0,8 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო წლიურ საპროცენტო მაჩვენებელს, ის 0,35 პროცენტით გაიზარდა.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40,9 პროცენტია. 1 სექტემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 41,9 პროცენტი იყო. ეს მხოლოდ იმ გარემოებაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ვალუტით დაკრედიტებაზე მოთხოვნა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კვალდაკვალ თანდათან მცირდება.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს მომავალში საბანკო სექტორის საკრედიტო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვით დაგიბრუნდებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.