საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქვეყნის რეგიონებში დედაქალაქის პროფესიული თეატრების გასტროლების დასაფინანსებლად კონკურსის 17 გამარჯვებული პროექტი აირჩია. ქვეყნის 66 სცენაზე ისინი 71 სპექტაკლს აჩვენებენ, რომელთა შორისაა “ვანო და ნიკო”, “უჩინმაჩინის ქუდი”, “ჰედა გაბლერი”, “ირმის ნუკრი”, “ქართული თეატრის ისტორია” და სხვ. კონკურსისთვის 250 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
გამარჯვებულთა რიცხვში შევიდნენ შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, ივ. მაჩაბლის სახელობის ცხინვალის დრამატული თეატრი, სოხუმის მოზარდთა თეატრი, ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, თითების თეატრი, ჩრდილების თეატრი “აფხაზეთი”, პ. ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური თეატრი, თეატრი “ანარეკლი”, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მოძრაობის თეატრი და სხვა.
კომენტარის დატოვება