იმერეთში დასრულდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ორი საფეხმავლო მარშრუტის მონიშვნა. პირველი მარშრუტი მიდის სათაფლიის ნაკრძალიდან სოფელ გუმათში, ხოლო მეორე – წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარათიდან ამავე სახელწოდების ჩანჩქერისკენ.
წინა წელს უწყებამ მოამზადა 227 კმ-ის საერთო სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა, საიდანაც 2,7 კმ შეადგენს კაცხის პანორამულ ბილიკს – კაცხის სვეტს ჭიათურაში. სულ, საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მოინიშნა 1 400 კმ სიგრძის 111 საფეხმავლო მარშრუტი.
მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამეგრელოში, იმერეთსა და ფშავ-ხევსურეთში გეგმავს, დაახლოებით, 180 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნას.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, საფეხმავლო ბილიკები იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. ისინი ეხმარებიან მოგზაურებს უსაფრთხო მარშრუტების პოვნაში ისტორიული ძეგლებისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.
კომენტარის დატოვება