USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.89 | +0.04% |
ასაკით პენსიონერები ახალი წლიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ. საპენსიო სააგენტო ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. გრძელდება მუშაობა კანონმდებლობაზე ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ.
მიმდინარე სამუშაო კვირის პირველსავე დღეს მთავრობამ პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მეორედ წარუდგინა. ამთავითვე უნდა ითქვას, ფინანსური დოკუმენტი პირველად ვერსიასთან შედარებით არ შეცვლილა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, რომ წინამდებარე სტატიაში ყურადღებას სწორედ ამ მოვლენასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე გავამახვილებ. არადა, არ არის ასე. რამდენის დახარჯვას გეგმავს მთავრობა, რა მოცულობის შემოსავლების მიღებას ვარაუდობს ის და რა იქნება პრიორიტეტული მიმართულება? პასუხებით ამ თუ სხვა კითხვებზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას წარუდგენს.
კი, მაგრამ, რატომ უნდა გააკეთო მომავალში ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, არ არის გამორიცხული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების შედეგად და პარლამენტიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები შეიცვალოს. ამიტომაც ამ ეტაპზე თქვენს ყურადღებას საფინანსო დოკუმენტის მხოლოდ იმ მონაცემზე გავამახვილებ, რომელიც, მაღალი ალბათობით, უცვლელი დარჩება. ეს რომელია? − შესაძლოა, დაინტერესდეს მკითხველი. გაზრდილი საპენსიო ხარჯები − მოკლედ ვუპასუხებ შეკითხვას და დავძენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მთავრობამ პენსიების მატების შესახებ საფინანსო დოკუმენტის პირველსა და მეორე ვერსიებში ასახული გადაწყვეტილება შეცვალოს. ამ ტიპის დაპირების რევიზიას ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მოერიდებოდა და გამონაკლისი არც საქართველოა.
ერთი სიტყვით, მომავალ წელს საქართველოში ასაკობრივ პენსიებზე რეკორდულად დიდი თანხა − 3,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 800 ათასი ასაკით პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია კი 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. პენსიების ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს 494 მილიონი ლარი დაუჯდება. ზოგადად, საპენსიო ხარჯებზე გამოყოფილი 3,4 მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის 16 პროცენტია.
მომავალ წელს, ასაკობრივი პენსიის გარდა, 188 მილიონი ლარით იზრდება სოციალური დახმარებების ბიუჯეტიც, რაც გამოწვეულია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100-დან 150 ლარამდე გაზრდით და ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის მომატებით. 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 32.677 ადამიანით გაიზარდა და მიმდინარე წლის სექტემბერში 660.833 შეადგინა. ორიოდე სტრიქონით ძირითად საკითხს გავცდები და ვიტყვი: სულ ცოტა, უცნაურია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და მთავრობაც მუდმივად ბოლო დროს მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრად მატებაზე მიგვანიშნებს. ეს სხვა საკითხია და მასზე მსჯელობით მომავალში დაგიბრუნდებით.
ხანდაზმულთა პენსიების მატებასთან ერთად იზრდება ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტი მომავალი პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფაზე ხარჯავს. იგულისხმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტს 310 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს დღეს არსებულ დაფინანსებაზე 50 მილიონი ლარით მეტია.
რაკიღა წინამდებარე სტატიაში საპენსიო თემატიკაზე მოგახსენებთ და დაგროვებითი საპენსიო სისტემაც ვახსენე, ურიგო არ იქნება, საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. საამისო საბაბიც არის. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ხალხის რჩეულებმა საპენსიო სააგენტოს მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
უწყების დირექტორმა გიორგი დანელიამ ყურადღება გაამახვილა როგორც სააგენტოს საოპერაციო, ასევე საინვესტიციო საქმიანობაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში 5.289 დამსაქმებელი დარეგისტრირდა, ხოლო 56.357 დასაქმებული გაწევრიანდა. სულ საანგარიშო პერიოდში საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1.292.246 მოქალაქე შეადგინა, ხოლო რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა 88.090 სტრუქტურაა.
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო მოცულობამ 2,17 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. ხოლო კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ამავე პერიოდში საპენსიო ფონდიდან 69.346.283,75 ლარია გატანილი. ახლა, როდესაც უკვე ვიცით დაგროვებით საპენსიო სქემაში დარეგისტრირებულ დამსაქმებელთა თუ დასაქმებულთა რაოდენობა და განვლილ პერიოდში გაცემული თანხის მოცულობაც, დავინტერესდეთ, სად განთავსდა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხები. რას ამბობს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი?
„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. ასე რომ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიანი პორტფელით კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. მიმდინარე წლის ბოლომდე, ვფიქრობთ, კვლავ შენარჩუნდება შემოდინებების, კონტრიბუციების და გაცემების ტენდენცია. მომდევნო წელი საპენსიო სააგენტოსთვის და, ზოგადად, რეფორმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალი წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ რომელი ტიპის, რა რისკიანობის პორტფელში უნდათ თავიანთი თანხების განთავსება. მომავალი წლიდან საპენსიო სააგენტოს ექნება ასევე საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი პორტფელები, რომლებიც განსხვავდება, ერთი მხრივ, რისკიანობის კუთხით და, მეორე მხრივ, პოტენციური ამონაგებით. ყველას ექნება არჩევანის უფლება“, − განაცხადა გიორგი დანელიამ.
ერთი სიტყვით, სხვისი არ ვიცი და მე კი, როგორც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთ მონაწილეს, არჩევანის გაკეთება მომიწევს, რომელ პორტფელში განვათავსო ჩემი ის გროშები, რამაც, იდეაში, ჩემივე სიბერე უნდა უზრუნველყოს. თუმცა ამასობაში ისიც გაირკვევა, რომ საპენსიო თემატიკასთან მიმართებაში სხვა არჩევანის შესაძლებლობაც მექნება. არ იტყვი, რას გულისხმობ? − დაინტერესდება მკითხველი. როგორ არა − მივუგებ პასუხად და განვაგრძობ თხრობას.
ისეთი პირი უჩანს, პარლამენტში საპენსიო რეფორმისთვის სერიოზულად მოიცალეს.
ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხალხის რჩეულებმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა და ძირითადმა მომხსენებელმა, მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ განმარტა, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ან თავად დააფუძნონ ის. ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს, მათ შორის, დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა თუ დასაქმებულთა გაერთიანებებს და ა.შ. ნებისმიერ პირს უფლება ენიჭება გაწევრიანდნეს ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისგან დამოუკიდებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას იძლევა.
როგორც საკომიტეტო მოსმენაზე ითქვა, კანონპროექტის მიღებით ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა დაიხვეწება და იგი ევროკავშირში მოქმედ პრინციპებს დაუახლოვდება. ამავე დროს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის პირობებში, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზარი ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი და სანდო გახდება.
„ამგვარი წესების გაჩენით მოცული იქნება სუბიექტების ყველა კატეგორია და ყველას გაუჩნდება გრძელვადიანი დანაზოგების შექმნის შესაძლებლობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი დანაზოგების აკუმულირება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარების საშუალებაა, რადგან აკუმულირებული თანხების სწორედ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიანად ინვესტირება იქნება შესაძლებელი. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა“, − განაცხადა გიორგი გურგენიძემ.
დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. საბოლოო სიტყვას ხალხის რჩეულები პლენარულ სხდომაზე იტყვიან.
დღეისათვის სულ ეს იყო, ვიცი, რომ მკითხველმა უკვე იცის, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით…
კომენტარის დატოვება