ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

რას ვყიდით, სად და რამდენს?

8 დეკემბერი, 2022

როგორია საქართველოს ექსპორტის მიმდინარე წლის მაჩვენებლები, რაზე მეტყველებს ბოლო ერთი წლის დინამიკა, რამდენად დივერსიფიცირებულია საექსპორტო ბაზარი?
წინამდებარე სტატიაში მკითხველის ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ კომპონენტზე – ექსპორტზე გავამახვილებ. აქცენტს ადგილობრივ ეკონომიკაზე გავაკეთებ და ბოლო პერიოდის დინამიკას მიმოვიხილავ. ვინაიდან ოქტომბრის საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ჯერ უცნობია, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელებ.
მოგეხსენებათ, საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. არ გამიკვირდება, მკითხველი ჩამეძიოს − ეს ღია ეკონომიკის ქვეყანა რას ნიშნავს, ჩვენი ეკონომიკა ჯერ რა არის და მერე რა მნიშვნელობა აქვს, ღია იქნება თუ დახურული? რა გაეწყობა, განვმარტავ. პასუხი კითხვაზე, რა არის ჩვენი ეკონომიკა, შორს წაგვიყვანს. მოკლე რეპლიკით შემოვიფარგლები, ის არის ისეთი, როგორიც თავად შევქმენით ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მეტწილად მომხმარებლური, ნაკლებად ორიენტირებული წარმოებაზე და, რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, მნიშვნელოვნად დამოკიდებული საგარეო ფაქტორებსა და უცხოურ დონაციაზე. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ღია იქნება ეკონომიკა თუ დახურული, მერწმუნეთ, განსხვავება არის და მნიშვნელობაც სწორედ ამ განსხვავებიდან გამომდინარეობს.

ღია ეკონომიკის ქვეყანა ჩართულია მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში, და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება კი არ არის, ის სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებასაც აკმაყოფილებს. დახურული ეკონომიკის ქვეყნები კი გლობალურ ეკონომიკურ სისტემებს მოწყვეტილი არიან.
როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ანალიტიკოსთა შეფასებით, რეგიონში ჩვენს ქვეყანას ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ამ მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან საქართველო 72-ე ადგილს იკავებს. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ნიშნულს ნაწილობრივ რეგიონში არსებული მდგომარეობაც განაპირობებს, ვინაიდან ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები სწორედ რეგიონიდან არიან. ესენი არიან: რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და რეგიონის მიღმა – ჩინეთი. აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთი უკვე მეორე წელია საქართველოს ნომერი პირველი საექსპორტო ქვეყანაა. რაც შეეხება სავაჭრო სალდოს, დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, ის ისტორიულად უარყოფითია, ანუ ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს.
მართალია, ჩვენი ქვეყანა ბევრად მეტი ღირებულების საქონლისა და მომსახურების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან მისი გარკვეული ნაწილი რეექსპორტზე გადის. კერძოდ, სად? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, რეექსპორტის დიდი წილი ჩვენს სამეზობლოში − აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტირებული ავტომობილები და ბულგარეთსა თუ რუმინეთში გატანილი ლითონის მადნებია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეკონომიკურ ზრდაზე რეექსპორტიც დადებითად აისახება, მაგრამ არა ისე, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ადგილობრივი სამუშაო ძალის დამსაქმებელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეექსპორტი არა უშუალოდ რეექსპორტიორი ქვეყნის პროდუქტია, არამედ ის სხვა ქვეყნის მიერ დაწყებული ექსპორტის გაგრძელებაა. ამ დროს სარგებელს რეექსპორტიორი ქვეყანაც იღებს რეექსპორტის მომსახურების საფასურისა და ფისკალურ ნაწილში დაბეგვრიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების სახით.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში მთლიანი ექსპორტი 4.097,2 მილიონი ამერიკული დოლარია, მათ შორის 2.814,1 მილიონი დოლარი ადგილობრივი ექსპორტია. ეს კი მთლიანი ექსპორტის 68,7 პროცენტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 2.166,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ექსპორტის 72,7 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 25,8 პროცენტი იყო, ხოლო რეექსპორტის − 19,4 პროცენტი. მიმდინარე წელს, COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდთან, ანუ 2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, რეექსპორტი 20,7 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი − 68,3 პროცენტით იყო გაზრდილი. ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება 39,9 პროცენტითაა გაზრდილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეექსპორტის ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ სომხეთის მიერ 2020 წლიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა და, შესაბამისად, ამ ნაწილში რეექსპორტის კლებამაც განაპირობა.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მათი ექსპორტის მოცულობამ 1.178,3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 32,7 პროცენტით მეტია. ამ პერიოდის ადგილობრივი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობები ექსპორტის 41,9 პროცენტია.
ასე რომ, სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი არა მხოლოდ რეექსპორტის კუთხითაა ძირითადი საექსპორტო საქონელი, არამედ მას ადგილობრივ ექსპორტშიც საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს.
ადგილობრივი ექსპორტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სოფლის მეურნეობა, კერძოდ, ღვინისა და თხილის ექსპორტი. მიმდინარე წლის მხოლოდ იანვარი–სექტემბერში ქვეყნიდან 172,8 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 6,1 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 4,3 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში თხილისა და კაკლის ექსპორტის ღირებულებამ 57,0 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 2 პროცენტს შეადგენს. გასული წლის პირველ ცხრა თვეში აღნიშნული საქონლის ექსპორტის ღირებულება 68,4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ თხილისა და კაკლის ექსპორტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10,6 მილიონი ამერიკული დოლარით დაიკლო.
და, ბოლოს, დასკვნის სახით: საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სპილენძის მადნებისა და ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. ამავე დროს, სპილენძის მადნების წილი ადგილობრივ ექსპორტშიც თვალსაჩინოა. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის წილი გაზრდილი იყო, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარი–სექტემბერში შემცირებულია, რადგან რეექსპორტი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი.
რაზე მიანიშნებს ადგილობრივი ექსპორტის ბოლო პერიოდის დინამიკა? რა თქმა უნდა, პოზიტიური ტენდენცია არის, ის განსაკუთრებით საგრძნობია ამჟამინდელი და COVID-19-ის პანდემიის პერიოდის სტატისტიკური მონაცემების შედარებისას. თუმცა, ისიც თვალსაჩინოა, რომ მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარი სამ ქვეყანაზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს გასაღების ბაზრის მეტად დივერსიფიცირების აუცილებლობაზე…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.