ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ კუჭის შემცირების ოპერაციის ჩატარებას შეძლებენ მხოლოდ წონის პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებსაც აქვთ ამის სერიოზული ჩვენებები. მისი თქმით, ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი ან თანმხლები დაავადებები, რადგან ეს არის სერიოზული ქირურგიული ჩარევა.
ოპერაცია იწვევს წონის მნიშვნელოვან კლებას და მას მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როცა წონის კორექციის თერაპიული მეთოდები პაციენტისთვის არაეფექტურია. ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად განსაზღვრა წესი, რა შემთხვევაში და რა კრიტერიუმებით შეიძლება, ეს ოპერაცია ჩატარდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წესი დგინდებოდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტების საფუძველზე.
კომენტარის დატოვება